სლოვაკეთის სასამართლომ ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი პიტერ კაჟიმირი კორუფციაში დამნაშავედ ცნო
სლოვაკეთის სასამართლომ ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი პიტერ კაჟიმირი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. მას 200 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პეზინოკის სისხლის სამართლის სპეციალიზებულმა სასამართლომ მიიღო. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლო პიტერ კაჟიმირს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის სახით ალტერნატიულ სასჯელს დააკისრებს. მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.
პიტერ კაჟიმირს ბრალად ედებოდა 2017 წელს ფინანსური ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელისთვის, ფრანტიშეკ იმრეჩესთვის 50 ათასამდე ევროს ოდენობის ქრთამის მიცემაში. გამოძიების ცნობით, მან იმრეჩეს ქრთამი მისცა რამდენიმე კომპანიის საგადასახადო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რათა აღნიშნულ კომპანიებს სამ მილიონ ევროზე მეტის ოდენობის დღგ-ის ჩათვლაში დახმარებოდა.
სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს უსაფუძვლოს და გაყალბებულს უწოდებს. ის ვინმესთვის ქრთამის მიცემას უარყოფს.