სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციურ პარტიას „ჩვეულებრივი ადამიანები და დამოუკიდებელი პიროვნებები“ (OĽaNO) ხმების 24,8 პროცენტი აქვს.

მეორე ადგილს ხმების 18,9 პროცენტით, მმართველი პარტია „მიმართულება – სოციალური დემოკრატია“ იკავებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ ოპოზიციური პარტიის ლიდერს იგორ მატოვიჩს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, როგორ გაუმკლავდება ის თავის პოსტს.

„მარკეტინგი გეხმარება ხელისუფლებაში მოსვლაში, თუმცა ეს ქვეყნის სამართავად საკმარისი არ არის“, -აღნიშნა მოქმედმა პრემიერმა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვნად აისახა 2018 წელს გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი საცოლის რეზონანსული მკვლელობა.

ჟურნალისტი სლოვაკეთის ყოფლი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს გუნდის იტალიურ მაფიასთან კავშირებს იძიებდა. მკვლელობამ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომლის ფონზე პრემიერმა ფიცომ თანამდებობა დატოვა.

იან კუციაკი და მისი საცოლე 2018 წლის 21 თებერვალს მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის უკან გავლენიანი ბიზნესმენი მარიან კოჩნერი დგას.

ბიზნესმენი და კიდევ სამი ბრალდებული დაკავებულები არიან. მათგან ერთ-ერთი მკვლელობის შემსრულებელია, რომელმაც დანაშაული აღიარა და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.