სლოვაკეთის საგარეო უწყება - ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ უსაფუძვლო განცხადებას „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ, რაზეც სპეკულირებს ვოლოდიმირ ზელენსკი
სლოვაკეთის საგარეო უწყება - ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ უსაფუძვლო განცხადებას „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ, რაზეც სპეკულირებს ვოლოდიმირ ზელენსკი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ „მეორე ენერგეტიკული ფრონტი გახსნა“.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიცოს განცხადებაზე ზელენსკის რეაქციას „გადაჭარბებულს“ უწოდებენ.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ უსაფუძვლო განცხადებას „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ, რაზეც სპეკულირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე ვლადიმირ პუტინთან ნებისმიერი კავშირის გაყალბებულ ბრალდებებს“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სლოვაკეთი გააგრძელებს შესაძლებლობების მიხედვით უკრაინაში მოწყვლადი და დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ ის ფაქტი, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირება უკრაინას მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს, რასაც ქვეყნის ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

როგორც სლოვაკეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, ვინაიდან უკრაინა სამხედრო კონფლიქტში იმყოფება, უმჯობესია, თავი შეიკავოს ახალი მოწინააღმდეგეების შექმნისგან ან „მეორე ფრონტის“ იდეების გამოგონებისგან.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია, პირველ რიგში, დაიცვას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები. ის იმოქმედებს შესაბამისად, მიუხედავად იმისა, უჭერს თუ არა ამას მხარს უკრაინული მხარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სლოვაკეთსა და უკრაინას შორის უთანხმოება კიევის გადაწყვეტილების გამოა, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი მომავალი წლიდან.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში, ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება. სლოვაკეთის პრემიერის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „როგორც ჩანს, პუტინმა ფიცოს ბრძანება მისცა, უკრაინის წინააღმდეგ, სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე, გაეხსნა მეორე ენერგეტიკული ფრონტი“.