სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი - კარგად ვხედავ საქართველოს ძალიან მკაფიო პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად
სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი - კარგად ვხედავ საქართველოს ძალიან მკაფიო პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად

ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გახდნენ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრები, ამ რთულ ვითარებაში, ეს გაცილებით უკეთ გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა თურქეთში განუცხადა, სადაც დიპლომატიური ფორუმი იმართება.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ შთააგონებს ევროპული საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადი უნდა შეფასდეს.

„ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შევაფასებთ და წარვადგენთ პროცედურებს რომლებიც საჭიროა, რათა შეფასდეს საქართველოს განაცხადი. მჯერა, რომ ეს შთააგონებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმები.

მე ვესტუმრე თქვენს შესანიშნავ ქვეყანას გასულ წელს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ამავდროულად, მესმის ჩვენი უკრაინელი მეგობრების, რომელსაც ახლა ძალიან სჭირდებათ ამგვარი მორალური გაძლიერება და სლოვაკეთი ძლიერად უჭერს მხარს უკრაინის წევრობას“, – განაცხადა დიპლომატმა.

მისივე თქმით, კარგად ხედავს საქართველოს მკაფიო პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

„საქართველო ჩვენი ძალიან სანდო პარტნიორია. თქვენ მუშაობთ ნატო-სთან, თქვენი შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ კრიზისის მენეჯმენტის ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი იქნება მისი გზა, ამ მომენტის ჩათვლით. მე კარგად ვხედავ საქართველოს ძალიან მკაფიო პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ივან კორჩოკმა.