სლოვაკეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს იმის გამო, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ სამიტზე სლოვაკეთი და უნგრეთი არ მიიწვია - მაკრონის ეს უცნაური მიდგომა ევროკავშირს ხლეჩს
სლოვაკეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს იმის გამო, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ სამიტზე სლოვაკეთი და უნგრეთი არ მიიწვია - მაკრონის ეს უცნაური მიდგომა ევროკავშირს ხლეჩს

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი აკრიტიკებს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ევროპელი ლიდერების სამიტების გამართვის გამო, სადაც სლოვაკეთი და უნგრეთი მიწვეული არ არიან. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს. პელეგრინის აზრით, ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება იმ მოწოდებებს, რომლებიც მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთდა, კერძოდ კი, ევროპის ერთიანობისკენ.

„ჯერ სამიტი, სადაც გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად იყო სულ რამდენიმე რჩეული ქვეყანა, ახლა კიდევ ერთი სამიტი, რომელიც უნდა შედგეს დღეს, სადაც არის ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, სადაც – ვერ გავიგე, რატომ – არ იყვნენ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმ ქვეყნის პირდაპირი მეზობლები ვართ, სადაც კონფლიქტი მიმდინარეობს. უცნაურია! არ მესმის, როგორ შეიძლება, არ მიიწვიო უკრაინის დარეგულირებისა და ომის შემდგომი მომავლისადმი მიძღვნილ სამიტზე სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება იმ ქვეყანას, სადაც სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

პელეგრინის განცხადებით, ემანუელ მაკრონის ეს უცნაური მიდგომა მხოლოდ ხლეჩს ევროკავშირს.

„ევროპა, რომელმაც იგრძნო საკუთარ თავზე აშშ-ის მხრიდან მკვეთრი განცხადებები და დაინახა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები თავდაპირველად აშშ-სა და რუსეთს შორის გაიმართება, უკრაინის გარეშეც კი, გამოვიდა ერთიანობის და ძალების გაერთიანების მოწოდებით“, – თქვა პელეგრინიმ.

ემანუელ მაკრონის ინიციატივით, 17 თებერვალს პარიზში ჩატარდა სამიტი, სადაც მონაწილეობდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის ლიდერები, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეხვედრაზე ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს წარმოადგენდა. სამიტს ასევე ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. დღეს კი, 19 თებერვალს ელისეის სასახლე მეორე სამიტს უმასპინძლებს, სადაც, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან: ნორვეგია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და ბალტიის ქვეყნები, ასევე – კანადა.