სლოვაკეთის პარლამენტის წევრი რუსეთს საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს
სლოვაკეთის პარლამენტის წევრი რუსეთს საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

სლოვაკეთის პარლამენტის წევრი მარტინ კლუსი რუსეთს საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„დროა, შევახსენოთ რუსებს მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები“, – წერს სლოვაკი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და საქართველოს რუკას აქვეყნებს. მისი თქმით, სლოვაკეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.

„სლოვაკეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად, ვერ აღიარებს „არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“. ასევე დროა, შევახსენოთ რუსებს მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და მოვუწოდოთ მათ თავიანთი საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ“, – წერს სლოვაკი დეპუტატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.