სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სლოვაკეთს უნდა, საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში
სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სლოვაკეთს უნდა, საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში

საქართველო როგორც რეგიონში, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმაში არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. როგორც კულტურულად, ასევე ისტორიულად, საქართველოს აქვს ევროპული ღირებულებები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარიან კელისთან ონლაინფორმატში გამართული შეხვედრისას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ნიკოლოზ სამხარაძე მარიან კელის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. კოლეგას ნიკოლოზ სამხარაძემ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციური გეგმა გააცნო“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„სლოვაკეთს უნდა, საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში“, – აღნიშნა მარიან კელიმ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების გზებზე, მათ შორის, საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო კომიტეტების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.