სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებით, სლოვაკეთში თვეში ერთხელ ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება
სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებით, სლოვაკეთში თვეში ერთხელ ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და სლოვაკეთის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, რიხარდ რაშის შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.
„აღინიშნა პარლამენტის ადმინისტრაციებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. გამოიხატა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. დადებითად შეფასდა 2026 წლის იანვრიდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება ქუთაისი-ბრატისლავის მიმართულებით.
რიხარდ რაშიმ აღნიშნა სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში თვეში ერთხელ ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის.
რიხარდ რაშიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატა სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.