სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით წყვეტს
სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით წყვეტს

სლოვაკეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით წყვეტს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

მისი თქმით, სლოვაკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინიდან დროებით შეწყდება როგორც მარცვლეულის, ასევე სხვა პროდუქტების იმპორტი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც აღნიშნულ საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთმა გადაწყვიტა, უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი შეაჩეროს. შეზღუდვა 30 ივნისამდე იქნება ძალაში. 16 აპრილს უნგრეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთის იმპორტი შეწყდება. ვარშავისა და ბუდაპეშტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ევროკავშირში, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების ცალმხრივად მიღება მიუღებელია და აუცილებელია ბრიუსელთან კოორდინაცია.

პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც აცხადებენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ნაწილი, რომელიც ამ ქვეყნებში ტრანზიტისთვის შეაქვთ, რჩება ადგილობრივ ბაზრებზე, რაც აღნიშნულ სახელმწიფოებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფებას იწვევს და ფერმერებს აზარალებს.

აღსანიშნავია, რომ მარცვლეულის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით დღეს ვარშავაში დაგეგმილია პოლონეთისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრების მოლაპარაკებები. კიევს სურს, ვარშავამ ტრანზიტული მარცვლეულის გატარება დაუშვას.