სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ნაწილის დაწესებას აპირებს
სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ნაწილის დაწესებას აპირებს

სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ნაწილის დაწესებას გეგმავს. ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციების პირველი ეტაპი 27 აგვისტოს დაუწესა.

„ჩვენ ვაპირებთ ვიმოქმედოთ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კანონის დებულების შესაბამისად, რომელიც დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა.

ნაუერტის თქმით, 6 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ არ არის მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი სამხედრო მიზნების გამოყენების აკრძალვის კანონის პირობები შეასრულა.

აშშ-ში გაკეთებულ განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა და თქვა, რომ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მოსკოვი უკანონოდ ჩათვლის.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი 4 მარტს ქალიშვილთან ერთად ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ბრიტანეთმა რუსეთი ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ გამოყენებაში დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.