სკოტ ბესენტი - ვითარება მოითხოვს, რომ ევროპელი პარტნიორები შეუერთდნენ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაში
სკოტ ბესენტი - ვითარება მოითხოვს, რომ ევროპელი პარტნიორები შეუერთდნენ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაში

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი მოკავშირეებს მოუწოდებს, ირანის ფინანსურ ქსელებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ.

პარიზში „დიდი შვიდეულის“ ფინანსური ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო კონფერენციაზე ბესენტმა განაცხადა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ „სრული ძალით უნდა დაუჭირონ მხარი“.

„ვითარება მოითხოვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაში, მისი ფიქტიური და ფარული კომპანიების გამოაშკარავებით, საბანკო ფილიალების დახურვით და მისი მარიონეტების მოშორებით. ეს მოითხოვს, რომ ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში აღმოფხვრათ ირანის ჩრდილოვანი საბანკო ქსელები“, – განაცხადა ბესენტმა.

ამავდროულად, ბესენტმა აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტური მკაცრი და მიზანმიმართული სანქციებია, თუმცა მათი დიდი ხნის განმავლობაში ძალაში დარჩენამ, შეიძლება, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.

„სანქციები მიზნად ისახავს ქცევის შეცვლას და არა მოსახლეობის დასჯას. წლების განმავლობაში ძალაში დარჩენილ სანქციებს, ქცევაში თვალსაჩინო და ხელშესახები ცვლილებების გარეშე, შეიძლება ჰქონდეს თაობაზე გავლენა, რომლის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.