სკოლის დირექტორი - მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი ოჯახმა არ იცის  
სკოლის დირექტორი - მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი ოჯახმა არ იცის  

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის ხათუნა ბარაბაძის ინფორმაციით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი არასრულწლოვნები მისი სკოლის მოსწავლეები არიან.

როგორც დირექტორმა პირველ არხს განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით მას სამართალდამცველები არ დაკავშირებიან და დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე დაკავებული გ.ბ. ბრალს არ აღიარებს.

რაც შეეხება მკვლელობის საქმეზე ძებნილ პირს, დირექტორის თქმით, ოჯახმა არ იცის შვილის ადგილსამყოფელი.

„დაკავებული ბავშვი ბრალს არ აღიარებს, ეს ვიცი ბავშვის მშობლისგან, რადგან სამართალდამცავებთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი და ალბათ, არც ჩამაყენებენ საქმის კურსში, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

რაც შეეხება მეორე ბავშვს, მშობელთან კომუნიკაციის შედეგად, რამდენადაც ვიცი, თვითონაც არ იციან სად არის“,- განუცხადა პირველ არხს სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ძებნილი პირები თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.

დატოვე კომენტარი