სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მისივე თქმით, ასევე 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დაიწყება ყველა საბავშვო ბაღში.

„ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. რასაკვირველია, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან, ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, ჩხენკელის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ უფლება ეძლევათ, რომ 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი განაახლონ აუდიტორიებში.

„კოლეჯები და უნივერსიტეტები გადაწყვეტილებებს იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, სამინისტროსთან შეთანხმებით. აქ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განმარტებით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

„სკოლაში ზედმიწევნით დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი, რათა იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო“, – დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.