სკოლებში თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება 
სკოლებში თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება 

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საჯარო სკოლებში თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა.

პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები გორის მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამაც მიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

„ამ პროექტს სიმბოლურად ჰქვია „ჩვენი ჯარი“, ანუ ჯარი არის თქვენი. იმისთვის, რომ თქვენად გაითავისოთ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია“, – ამ სიტყვებით მიმართა ლევან იზორიამ შეხვედრაზე უფროსკლასელებს.

მოსწავლეებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობასა და ჩართულობას გულისხმობს. ამ კონტექსტში მან სამხედრო ბრიგადებში ჩატარებულ „ღია კარის დღეებზე“, საზაფხულო ბანაკებსა და საშუალო განათლების პროგრამაში თავდაცვის კომპონენტის დამოუკიდებელი საგნის სახით შეტანის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობთ, სამხედრო მოსამსახურეებთან მოზარდების უშუალო კონტაქტით შესაძლებელი იქნება პატრიოტიზმის განმტკიცება და ცნობიერების ამაღლება საკითხზე, თუ რას აკეთებს ქართული ჯარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, სტრატეგიული კავშირების გასაძლიერებლად, იმ მთავარი მიზნისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა და მისი უსაფრთხოება ჰქვია“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მოგვიანებით, ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა შეიარაღებული ძალების შესახებ გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია გამართეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივებიც გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პროექტს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. „ჩვენი ჯარი“ წელს გაზაფხულზე დაიწყო; პირველ ეტაპზე სამხედროები დაახლოებით 185 სკოლას ესტუმრნენ. ოქტომბერსა და ნოემბერში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 400-მდე სკოლას ესტუმრებიან. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ქვეყნის რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.

დატოვე კომენტარი