სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდება, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას კვლავ შეძლებენ
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდება, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას კვლავ შეძლებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აღნიშნავენ, სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ.

„ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია, თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში. ამ ყველაფერთან ერთად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, სამინისტრო პირველი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ აძლევს შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა.

აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ, დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: labour.moh.gov.ge, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.