სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, სადაც პირველკლასელი უნდა შევიდეს და ასევე, ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან. ეს რეგისტრაცია შეეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ერთი ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციის ამ ეტაპზე ბავშვების დასარეგისტრირებლად მშობლებმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლებმა უშუალოდ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ და წარუდგინონ ბავშვის დოკუმენტაცია.

პირველ კლასში შესვლის უფლება იმ ბავშვებს აქვთ, ვინც 16 სექტემბერს უკვე იქნება ექვსი წლის.

2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში წელს ცვლილებები შევიდა და ის ოთხ ეტაპად ხორციელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს პირველ რიგში რეგისტრაციის უფლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცათ. მათი რეგისტრაცია 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდება (წინა წლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციაში იღებდნენ მონაწილეობას).

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით გაიმართება.

რაც შეხება მესამე ეტაპს, სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია მოხდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მაშტაბით სკოლებში პირველკლასელებისთვის სულ 59 ათასი ადგილია გათვალისწინებული, თუმცა მოსალოდნელი ნაკადი დაახლოებით 57 ათასი იქნება.