სკოლებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება 
სკოლებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება 

სკოლებში უსაფრთხოების ახალი წესი ამოქმედდება, რომელის ფარგლებშიც ყველა სკოლაში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება. ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ განაცხადა.

გელა გელაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა სკოლებში უსაფრთხოების, საზოგადოებრივი დაცვის წესები და პირობები შეიმუშავა, რომელიც 15 თებერვლამდე შევა ძალაში.

„სკოლებში უსაფრთხოების დაცვის პრევენციის ფარგლებში პირველად შეიქმნა დოკუმენტი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი დაცვის წესი და პირობები“. ეს დოკუმენტი განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით შეიქმნა. ეს არის უსაფრთხოების წესი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სკოლებში უსაფრთხოებისა და ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს შექმნისთვის. ამის შექმნაში ასევე იყო ძალიან ბევრი საჯარო დაწესებულება და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული. ამ დოკუმენტისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება 15 თებერვლამდე მოხდება. უსაფრთხოების წესების თანახმად, ყველა სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო“, – განაცხადა გელა გელაძემ.

მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭო სკოლაში უსაფრთხოების მიმართულებით რეკომენდაციებს გასცემს.

გელაძის განმარტებით, საბჭოს მუდმივ მოქმედ წევრები იქნებიან სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, რესურს ცენტრის წარმომადგენელი და საჭიროების შემთხვევაში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, მშობელი და მოსწავლე.

„მრჩეველთა საბჭო წლის განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ შეიკრიბება, რა დროსაც დაგეგმავს კონკრეტულ რეკომენდაციებს უსაფრთხოების კომპონენტის ნაწილში. შეფასების რისკებს, სკოლაში რა რეკომენდაციები უნდა დაიგეგმოს. შემდეგ გაცემს რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციით იმოქმედებს სკოლა. ასევე დოკუმენტის მოთხოვნის გათვალისწინებით დამუშავდება და შეიქმნება მანდატურის სამსახურის მიერ შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლის ადმინისტრირების წესიც. ყველა ეს კომპონენტი არაუგვიანეს პირველი მარტისა შეიქმნება და ამოქმედდება სკოლებში“, – განაცხადა გელა გელაძემ.