სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 52 პაციენტი რჩება
სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 52 პაციენტი რჩება

თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას აქციაზე დაშავებული 52 პაციენტი განაგრძობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თითქმის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ნაწილი დღეს დატოვებს სამედიცინო დაწესებულებებს.

ინგოროყვას კლინიკაში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი რჩება, ისინი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ, ვინაიდან სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. მედიკოსების განმარტებით, ორშაბათს სავარაუდოდ, ყველა მათგანი დატოვებს სამკურნალო დაწესებულებას.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, 11 პაციენტი რჩება „ნიუ ჰოსპიტალსში”. როგორც კლინიკაში აცხადებენ, არც ერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. „ნიუ ჰოსპიტალსში” საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ პაციენტების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა, დღის განმავლობაში გაეწეროს.

ამ დროისათვის, ღუდუშაურის საავადმყოფოში ოთხი პაციენტი რჩება. როგორც კლინიკაში ამბობენ, ისინიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.