სკანდინავიის ქვეყნებში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დაიწყო
სკანდინავიის ქვეყნებში შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დაიწყო

სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დღეს დილიდან ნორვეგიაში ოფიციალურად დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მაია ბითაძე. ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო. დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-სთან, ნორვეგიის ქვეყნის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე მასუდ გარახანისთან, ასევე სტორტინგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ჰერიკ თუნთან.

ქართული მხარის მხრიდან ოსლოში დისკუსიის მთავარი თემა იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი და ამ მიმართულებით ნორვეგიის მხარდაჭერის განმტკიცება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ შეხვდა ნორვეგიაში ქართული დიასპორის წევრებსაც. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინზე ისაუბრა. ნორვეგიის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეწვევა სამ ქვეყანას, მათ შორის დანიას, ფინეთსა და შვედეთს. მსჯელობის საგანი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და სტატუსის მინიჭების საკითხში ამ ქვეყნების მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება. ქართული მხარე ამ ქვეყნების ლიდერებისთვის აპირებს იმის ახსნას, რა რეფორმები გატარდა ქვეყანაში და რატომ არის საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი.