სკანდინავიის ქვეყნებიდან სპეცრეისით დღეს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
სკანდინავიის ქვეყნებიდან სპეცრეისით დღეს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

დღეს დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways), რომელიც დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული რეისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით საკრუინგო კომპანია Elvictor Crew Management Service-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები „ჯორჯიან ეარვეისის“​ სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.

ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ.

საგარეო უწყების ცნობთ, ამ ეტაპზე სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8 372 მოქალაქე.

გუშინ განხორციელდა ვარშავა-თბილისის რეისი რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 181 საქართველოს მოქალაქე.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი