სკანდალი ბრაზილიაში - სამხრეთამერიკული კლასიკო მოულოდნელად შეწყდა #1TVSPORT
სკანდალი ბრაზილიაში - სამხრეთამერიკული კლასიკო მოულოდნელად შეწყდა #1TVSPORT

5 სექტემბერს მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი მატჩი ბრაზილიასა და არგენტინის ნაკრებებს შორის უნდა გამართულიყო, მაგრამ დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეხვედრა შეწყდა. მატჩის მე-6 წუთზე, თამაშის დროს სტადიონზე ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლები შევარდნენ, რომლებიც არგენტინის ნაკრების 4 ფეხბურთელის – ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ჯოვანი ლო ჩელსოსა და ემილიანო ბუენდიას მოედნის დატოვებას ითხოვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ფეხბურთელებმა პროტოკოლი დაარღვიეს, ქვეყანაში შესვლის შემდეგ კარანტინი არ გაიარეს. საქმე იმაშია, რომ ეს ფეხბურთელები ინგლისის პრემიერლიგის გუნდებში (ტოტენჰემი, ასტონ ვილა) თამაშობენ, ბრაზილიას კი ინგლისი წითელ სიაში ჰყავს შეყვანილი.

არგენტინელების თქმით, CONMEBOL-მა ამ 4 ფეხბურთელს უფლება მისცა ბრაზილიაში გამგზავრებულიყვნენ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ გათავისუფლებულები არიან ყველანაირი საკარანტინო შეზღუდვებისგან.

ბრაზილიის ხელისუფლების განცხადებით, კი ქვეყანაში არსებული კანონები აღემატება CONMEBOL-ის რეგულაციებს, შესაბამისად სამინისტროს წარმომადგენლები იმ სასტუმროში წავიდნენ, სადაც არგენტინელები იმყოფებოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს ფეხბურთელები მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მაგრამ მოთამაშეები უკვე სტადიონზე იმყოფებოდნენ და სამი მათგანი სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.

საბოლოო ჯამში, არგენტინის ნაკრებმა უარი თქვა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს, ბრაზილიელებმა კი ვარჯიში გამართეს.

ამ ინციდენტის შემდეგ კომენტარი ლიონელ მესიმაც გააკეთა.

„ჩვენ იქ სამი დღეა რაც ვიმყოფებით და მაინცდამაინც მატჩის დაწყებას ელოდებოდნენ? შეხვედრამდე ან სასტუმროში რატომ არ გაგვაფრთხილეს? მათ ეს წინასწარ უნდა აეხსნათ.“

ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები დაეკისრება ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრებებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა არ ჩატარდა.