სკანდალი ბელგიურ ფეხბურთში
სკანდალი ბელგიურ ფეხბურთში

ბელგიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ტელეარხ beIN Sports-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა პრესის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

“მე მქონდა პრობლემა ნაკრებში, – აცხადებს ვილმოტსი. – საღამოს 6 საათზე, მოთამაშეებთან თეორიული მეცადინეობა ჩავატარე, რომლის დროსაც მომდევნო მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დავასახელე. 18 საათსა და 15 წუთზე, ეს შემადგენლობა უკვე სოციალური ქსელით იყო გავრცელებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელიღაც მოთამაშე ყიდდა ძირითად შემადგენლობას. ეს სამარცხვინოა. რამდენიმე ფრანგმა ჟურნალისტმა თქვა, რომ შემადგენლობას კურუტას მამა ავრცელებდა. მას არანაირი პატივისცემა არ გააჩნია სამშობლოს მიმართ. ოფიციალური შემადგენლობები თამაშამდე ერთი საათით ადრე ქვეყნდება და მე ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი მეტოქის შემადგენლობა, მოწინააღმდეგემ კი წინასწარ ყველაფერი იცოდა და მოსამზადებლად დიდი დროც ჰქონდა”.

ამის შემდეგ, ტიბო კურტუამ და მისმა მამამ ტერიმ ვილმოტსს სასამართლოში უჩივლეს.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვილმოტსი საჯაროდ და შეგნებულად აზარალებს ჩემს ღირსებასა და რეპუტაციას, აგრეთვე ილაშქრებს მამაჩემის წინააღმდეგ, – დაწერა საკუთარ “ტვიტერზე” “ჩელსის” მეკარემ. – ამიტომაც, გადავწყვიტეთ სასამართლოში ვუჩივლოთ და მორალური ზარალის ანაზღაურება მოვითხოვოთ”.