„სიყვარულით საქართველოდან“ - ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად, ნიუ იორკში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
„სიყვარულით საქართველოდან“ - ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად, ნიუ იორკში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ნიუ იორკში, „კარნეგი ჰოლის“ ვეილ რესიტალის დარბაზში ქართველი ბარიტონის, გოჩა აბულაძისა და უკრაინელი მუსიკოსისა და შემსრულებლის, ირენა პორტენკოს ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით – „სიყვარულით საქართველოდან“. ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა ომის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ბავშვებს მოხმარდება.

შესრულდა ცნობილი საოპერო არიები, ქართული და იტალიური რომანსები და უკრაინული „ნანა“.

გოჩა აბულაძის თქმით, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და ომის ამსახველი შემზარავი კადრების ნახვისას გაუჩნდა იდეა, დახმარებოდა მოძმე ერს. იდეა უკრაინელ შემსრულებელს გაუზიარა.

კონცერტის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ომის დროს, ირპინში, დაბომბვის დროს თავშესაფარში მყოფი უკრაინელი კომპოზიტორის, ვიქტორია პოლევას მიერ შექმნილ და დაუსრულებელ კომპოზიციას.

ირენა პორტენკოს თქმით, მუსიკა  ომის რეალურ სურათსა და სიმძაფრეს სრულად გადმოსცემს. ემოციური იყო ამ ფონზე აჟღერებული გია ყანჩელის „ჰერიო ბიჭებოც“, რომელიც ქართველმა ბარიტონმა მის ძმასთან ტენორ უჩა აბულაძესთან ერთად შეასრულა.

კონცერტის დასასრულს, ქრისტიანული ჰიმნი AMAZING GRACE და უკრაინული ლოცვა ქართველ მომღერლებთან ერთად, კონტრტენორმა ჯეფრი პალმერმა და ბასმა სტეფან სზკაფაროვსკიმ შეასრულეს.

დატოვე კომენტარი