„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, მძღოლებს უკვე დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, მძღოლებს უკვე დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოქალაქეებს „სითი პარკის“ მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

მისვე თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, საფასურის მოკრება, დაჯარიმება, ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება, როდესაც პარკირების წესი დაირღვევა.

„მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მოუწევთ ამ ჯარიმის გადახდა, თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი კომპანიის მხრიდან. ესეც იყო მიზეზი ის, რომ დღეს ამ შედეგამდე მივედით.

ეს არის რადიკალური ზომა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემატური ხასიათი აქვს მოქალაქეების უფლებების დარღვევას და არ ვაპატიებთ არცერთ კომპანიას, რომ შელახოს საზოგადოებრივი ინტერესი.

საფასურის მოკრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისევე, როგორც დაჯარიმების, ევაკუაციის პროცესი იმ შემთხვევაში, როდესაც დაირღვევა პარკირების წესი. ოღონდ ამას აღარ გააკეთებს „სითი პარკი“, ამას გააკეთებს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი 10 აპრილიდან. 

არანაირად არ უნდა ველოდოთ საჯარიმო თანხების შემცირებას. დღეს რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ამასთან კავშირში არ არის. ეს არის 2007 წელს დადებული პარკირების ხელშეკრულების გაუქმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას არანაირი კავშირი არ აქვს პარკის საფასურთან“, – განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკის“ თანაშრომლების ნაწილი მერიის სატრანსპორტო სამსახურში დასაქმდეს.

„ჯერჯერობით ვერ გეტყვით თანამშრომლებთან დაკავშირებით. ჩვენ ფუნქციები უნდა გადმოვიბაროთ, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, გვყავს ჩვენი თანამშრომლები, კონტროლიორები, თ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რესურსების გაძლიერება მოხდეს, რასაკვირველია, გამოცდილმა ადამიანებმა შეიძლება გააგრძელონ მუშაობა თბილისის სატრანსპორტო სამსახურში. ერთი რამ ცხადია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც არსებობდა პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებით, რა ჭრილშიც ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, სამართლიანი და მოქალაქეების უფლებებზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ყველანაირ ზომას, რომ შედეგები იყოს რბილი და არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია “სითი პარკს”. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.