„სითი პარკის“ მფლობელები კახა კალაძის გადაწყვეტილებას უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ
„სითი პარკის“ მფლობელები კახა კალაძის გადაწყვეტილებას უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „სითი პარკის“ მფლობელები განცხადებით ეხმაურებიან.

კომპანიის მფლობელები გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

„თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სითი  პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს.
მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სითი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ გაძევების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის მფლობელი დევიდ პილა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შპს „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის ბრალდებების საკითხზე, რომელიც აბსურდულია.

„ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული. „სითი პარკი“ განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიის მფლობელები ასევე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, 2018 წლის 10 აპრილიდან, მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. მისი თქმით, ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან.