„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი - კომპანიამ თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო
„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი - კომპანიამ თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო

„სითი პარკის“ გენერალური დირექტორი ბინიამინ ლაჰავი კომპანიისთვის მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს.

როგორც მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილების პოლიტიკურ ხასიათზე ეჭვს აძლიერებს მერიის განცხადება იმის შესახებ, რომ 10 აპრილის შემდეგ, პარკირების სისტემაში არაფერი შეიცვლება, მათ შორის არც ჯარიმების ოდენობა.

ამასთან, ბინიამინ ლაჰავის თქმით, თბილისის მერის სატელევიზიო განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომელმაც კახა კალაძეს ხმა მისცეს.

ბინიამინ ლაჰავი თბილისის მერს მოუწოდებს, გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ინსპექტორების უსაფრთხოება, რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის დაცვით, თუმცა საპასუხოდ აგრესიას იღებენ.

ამასთან, „სითი პარკის“ გენერალურ დირექტორს თბილისის მერთან რამდენიმე შეკითხვა აქვს, რომელიც კომპანიის მიერ გამოწერილ ჯარიმებს ეხება.

„შეკითხვა მაქვს ბატონ მერთან, მაინტერესებს, რატომ მოხდა, რომ მერმა აღნიშნა, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავადასტურეთ რომ ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, „სითი პარკმა“ გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ“, – განაცხადა მან.

ამასთან, მისი თქმით, მერიის გადაწყვეტილება კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაზე, შესაძლოა,  სასიხარულო ყოფილიყო მოქალაქეებისთვის ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა.

„თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები პირველ რიგში პატივს სცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, ჩვენს შემთხვევაში, ეს ასე არ ყოფილა. უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელი  დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანიის (მხარის) ყოველგვარი ჩართულობის გარეშე“, – განაცხადა მან.

ბინიამინ ლაჰავის თქმით, „სითი პარკმა“ უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები. ის იმედს გამოთქვამს, რომ ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. მისი შეფასებით, ხელშეკრულება ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეწყდა.

ამასთან, „სითი პარკის“ გენერალური დირექტორის კახა კალაძეს მოუწოდებს, გააცნოს მოსახლეობას სამომავლო გეგმები პარკინგის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყდება.