სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები პირის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევაზე გატარდება
სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები პირის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევაზე გატარდება

პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებები შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევაზე გატარდება. აღნიშნული გათვალისწინებულია „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციისთვის პრეიუდიციული ფაქტის არსებობა საჭირო აღარ იქნება. კერძოდ, პროექტით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 200 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამასთან, ცვლილებებით, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ ისჯება, ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.