სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი აშშ-სა და რუსეთს გამოძიებაში ჩარევისა და მოსამართლეების მიმართ მუქარის გამო აკრიტიკებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი აშშ-სა და რუსეთს გამოძიებაში ჩარევისა და მოსამართლეების მიმართ მუქარის გამო აკრიტიკებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი აშშ-სა და რუსეთს გამოძიებაში ჩარევისა და მოსამართლეების მიმართ მუქარის გამო აკრიტიკებს.

სასამართლოს პრეზიდენტმა, ტომოკო აკანემ ჰააგაში სასამართლოს 124 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სასამართლო იყო იძულებითი ზომების, მუქარის, ზეწოლისა და დივერსიული აქტების სამიზნე.

„საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მართლმსაჯულება საფრთხის ქვეშაა. ასეა კაცობრიობის მომავალიც. სასამართლოს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი მუდმივი წევრის ინსტიტუტების მხრიდან დრაკონული ეკონომიკური სანქციებით ემუქრებიან, თითქოს ის ტერორისტული ორგანიზაცია იყოს“, – განაცხადა ტომოკო აკანემ.

ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა ღაზაში ისრაელის თითქმის 14-თვიანი ომის განმავლობაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მისი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის, მოჰამედ დეიფის მიმართ გასულ თვეში დაპატიმრების ორდერი გასცა.

ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი მკაცრად გააკრიტიკეს შეერთებულ შტატებში, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, რამდენიმე რესპუბლიკელი კი კონგრესს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „საშიში ხუმრობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობა სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ მოკავშირეს, რომელიც დაეხმარება ჰააგის სასამართლოს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის აღსრულებაში.

აკანემ ასევე ირიბად გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც არ არის სასამართლოს წევრი. პუტინის წინააღმდეგ სასამართლოს ორდერის საპასუხოდ, გასულ წელს რუსეთმა სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ დაპატიმრების ბრძანება გასცა. საქმე ეხება 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ასობით ბავშვის დეპორტაციის სავარაუდო ზედამხედველობას.