სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ როჰინჯას ხალხის დევნის გამოძიება დაიწყო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ როჰინჯას ხალხის დევნის გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ როჰინჯას ხალხის დევნის გამოძიება დაიწყო. მიანმარიდან ასობით ათასი როჰინჯას დეპორტაციის შესახებ წინასწარი გამოძიება სამართლებრივი ინსტიტუტის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ გახსნა.

ამ ეტაპისთვის გამოძიება როჰინჯას ხალხის გადასახლების საკითხში ძალის გამოყენებას შეისწავლის. საქმეში ფიგურირებს ასობით ადამიანის უფლებების დაღვევის, მკვლელობების, სექსუალური ძალადობის, გატაცების, საცხოვრებელი სახლების ნგრევის და ძარცვის შემთხვევები.

პროკურორ ფატუ ბენსუდას განმარტებით, თუ წინასწარი გამოძიების შედეგად აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისად მყარი აღმოჩნდება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს.

მიანმარის შტატ რაკჰაინში ვითარება 2017 წელს გამწვავდა. მიანმარის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და როჰინჯას ხალხს შორის მომხდარ დაპირისპირებებს 400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 100 ათასობით მუსლიმ როჰინჯას კი მეზობელს ბანგლადეშში გაქცევა მოუხდა.

ცოტა ხნის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებების კომიტეტმა მიანმარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა როჰინჯას ხალხის წინააღმდეგ მიანმარელი სამხედრო მოსამსახურეების ქმედებები მკაცრად დაგმო.