სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი პერსონალის მიმართ სანქციების გაუქმების შესახებ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი პერსონალის მიმართ სანქციების გაუქმების შესახებ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მისი პერსონალის მიმართ სანქციების გაუქმების შესახებ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ნათქვამია ჰააგის სასამართლოს პრესსამსახურის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიესალმება აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას, გააუქმოს აღმასრულებელი განკარგულება, გააუქმოს სანქციები და სავიზო შეზღუდვები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები მოუხსნა. სანქციები გაუუქმდა ასევე ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორ ფაკისო მოჩოჩოკოს. ამასთან, გაუქმდა ჰააგის სასამართლოს პერსონალისთვის აშშ-ის სავიზო შეზღუდვები.

2020 წლის ივნისში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რადგან სასამართლო ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენას იძიებდა.