სირიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ლატაკიაში ალავიტების აქციის დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს
სირიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ლატაკიაში ალავიტების აქციის დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს

სირიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ლატაკიაში ალავიტების აქციის დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს ერთი უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი.

„როიტერის“ ინფორმაციით, ლატაკიაში ასობით ალავიტი დემონსტრანტი შეიკრიბა და სირიაში პოლიტიკური სისტემის დეცენტრალიზაცია მოითხოვა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც, მათი მტკიცებით, ახალმა ხელისუფლებამ უკანონოდ დააპატიმრა.

როგორც მედია წერს, ამის შემდეგ ადგილზე მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ალავიტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგვიანებით მოედანზე სროლის ხმა გაისმა. ლატაკიის პროვინციის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნურედინ ელ-ბრიმომ „როიტერს“ განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა მეტოქე მომიტინგეთა დასაშლელად ჰაერში ცეცხლი გახსნეს. მისივე განმარტებით, უცნობმა თავდამსხმელებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას და უსაფრთხოების ძალებს.