სირიის სახელმწიფო მედია - ალეპოში მებრძოლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს
სირიის სახელმწიფო მედია - ალეპოში მებრძოლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს

სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ქალაქ ალეპოში „ალ-ნუსრას ფრონტის“ მებრძოლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი. დაზარალებულებს ქლორის ზემოქმედების ნიშნები დაუდგინეს.

ინფორმაცია ქიმიური შეტევის შესახებ სირიის უფლებადამცველთა სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც დაადასტურა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციის სათაო ოფისი ლონდონშია, მათ მიერ მოპოვებული ცნობები ხშირად არ არის სარწმუნო.

სირიაში ვითარება ბოლო დღეებში დამძიმდა. იდლიბის პროვინციაში სირიის არმიის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამასთან, პროვინცია დეირ-ელ-ზორში „სირიის დემოკრატიული ძალებისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შეტაკების დროს 47 მებრძოლი დაიღუპა.

გაერო-ს ცნობით, სირიაში ომის დაწყებიდან დღემდე ქიმიური იარაღი 30-ჯერ გამოიყენეს.