სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ჰასან ალ შიბანი ევროკავშირში პირველი ვიზიტით ჩავა და სირიის საკითხზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ჰასან ალ შიბანი ევროკავშირში პირველი ვიზიტით ჩავა და სირიის საკითხზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ჰასან ალ შიბანი ევროკავშირში პირველი ვიზიტით ჩავა და პარიზში სირიის საკითხზე დღეს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ღონისძიებას შეუერთდებიან მინისტრები საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და ლიბანიდან.

როგორც სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, კონფერენციის მიზანია ძალისხმევის კოორდინირება სირიაში მშვიდობიანი გარდამავალი პროცესის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სირიის მეზობელი ქვეყნებისა და პარტნიორების მობილიზება ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის.

მედიის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი არ იქნება ფინანსების მობილიზება, აღნიშნულ საკითხზე ყოველწლიური კონფერენცია მარტში ბრიუსელში ჩატარდება. თუმცა პარიზში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სირიის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება.