სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთმა სირიის ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია უნდა დაასრულოს
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთმა სირიის ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია უნდა დაასრულოს

სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის თურქეთმა სირიის ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია უნდა დაასრულოს. ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ მეკდადმა დამასკოში ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრისას განაცხადა.

თავის მხრივ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ირანის, თურქეთისა და სირიის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე დიალოგებმა, ომის ნაცვლად, მოლაპარაკებებს შეუწყო ხელი.

სირიას სურს, თურქეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები ჩრდილოეთის ტერიტორიებიდან და სამი ძირითადი ოპოზიციური ფრაქციის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ თურქეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის მოხსნის გარეშე, ტერორიზმის დამთავრებისა და ურთიერთობების იმ მდგომარეობასთან დაბრუნების გარეშე, რომელსაც ისინი პირველ რიგში ემყარებოდნენ. პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და თურქეთის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა დამოკიდებულია დავის მიზეზებისა და უთანხმოების აღმოფხვრაზე, რომლებმაც ჩაანაცვლეს ის შეთანხმებები, რაზეც მანამდე აშენდა სირია-თურქეთის ურთიერთობები“, – თქვა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ მეკდადმა.