სირიის ქალაქ ღუტადან დამასკოში სამედიცინო ევაკუაცია დაიწყო
სირიის ქალაქ ღუტადან დამასკოში სამედიცინო ევაკუაცია დაიწყო

სირიის ქალაქ ღუტადან დამასკოში სამედიცინო ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცაის წითელი ჯვრის წარმომადგენლობა ავრცელებს.

Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ღუტადან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები სირიის დედაქალაქში გადაჰყავთ.

გასულ კვირას ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ტერიტორიიდან შვიდი მცირეწლოვანი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტის გაყვანის თხოვნით მიმართეს. ეს სულ მცირე ნაწილია იმ 130 ბავშვიდან, რომლებიც სამხედრო მოქმედებების ადგილას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

გაეროს მონაცემებით, ღუტაში მყოფი ბავშვების 12% შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა.

სამშაბათს საღამოს კი წითელმა ჯვარმა სასწრაფო დახმარების მანქანების ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ტერიტორიიდან პაციენტების ევაკუაციისთვის მიიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა ამ დროისთვის.