სირიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა
სირიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

სირიის პარლამენტმა, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობები გენოციდად აღიარა.

სირიის საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება დამასკოს და ანკარას შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობების ფონზე მიიღო.

სირიის იდლიბის პროვინციაში, სირიელ და თურქ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება უკვე რამდენჯერმე მოხდა.

სირიელმა დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „სომხები, ასირიელები და სხვა ეთნოსები, რომლებიც სირიელი ერის ნაწილი არიან, ეთნიკური წმენდის, მიზანმიმართული მკვლელობების და გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ“.

სირიის პარლამენტის სპიკერ ხამუდა საბაგის განცხადებით, თურქეთის მიმდინარე აგრესია რასისტულ ოსმალურ იდეოლოგიას ეფუძნება, სომხების გენოციდი კი ერდოღანის წინაპრებმა ჩაიდინეს.

საპასუხოდ, თურქეთის ხელისუფლებამ სირიის მთავრობა თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება გულწრფელი არ არის, რადგან წლების განმავლობაში აწყობს სასაკლაოს, სახლიდან მილიონობით ადამიანი განდევნა და ქიმიური იარაღი გამოიყენა.