სირიის ომის დაწყებიდან რვა წელი გავიდა. 2011 წლის 6 მარტს ქალაქ დერააში 15 მოზარდი დააპატიმრეს. სირიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ შენობებზე წარწერები – „მოსახლეობას რეჟიმის დანგრევა სურს“, სწორედ დაკავებული მოზარდების მიერ იყო გაკეთებული. 2011 წლის 15 მარტს, დამასკოსა და ალეპოში ასობით ადამიანმა დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სახელწოდებით – „მძვინვარების დღე“ დაიწყო.
სირიის დედაქალაქში დემონსტრაცია ძალადობრივი გზებით დაშალეს. არასრულწლოვნების გათავისუფლების მოთხოვნით, სირიის ქალაქებში დემონსტრაციები გაგრძელდა. 17 მარტს დერააში პოლიციამ საპროტესტო აქციას ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. სირიის ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში ჯარები შეიყვანა, ყოველდღიურად იზრდებოდა მსხვერპლის რიცხვი.
ხელისუფლების და ამბოხებულების დაპირისპირების პარალელურად სირიის ომში გამოჩნდნენ ტერორისტული ორგანიზაციები, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. კონფლიქტში ჩაერთო არაერთი სახელმწიფო. სხვადასხვა მონაცემებით, სირიის ომში 500 ათასიდან, 1 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 10 მილიონზე მეტი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა. რვაწლიანი ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის და ირანის მხარდაჭერით, სირიის პრეზიდენტმა ხელისუფლება შეინარჩუნა. ამბოხებულები მხოლოდ სირიის საზღვართან მდებარე იდლიბის პროვინციას აკონტროლებენ.