სირიის მთავრობა - ისრაელს ჩვენგან კიდევ ბევრი „სიურპრიზი“ ელოდება
სირიის მთავრობა - ისრაელს ჩვენგან კიდევ ბევრი „სიურპრიზი“ ელოდება

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის მისამართით მუქარის შემცველი საგანგებო განცხადება გაავრცელა. აიმან სუსანი ისრაელის მთავრობას აფრთხილებს, რომ მათი ავიაციის მხრიდან სირიის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, მკაცრ პასუხს მიიღებს.

„თუ ისრაელი აგრესიას განაგრძობს, ჩვენგან არაერთ „სიურპრიზს“ მიიღებს“ – განაცხადა სუსანმა. მან ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას სირიის ტერიტორიაზე ისრაელის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების ფაქტი შეახსენა.

ისრაელის ავიაცია საჰაერო დარტყმებს სირიის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე კვირაა ახორციელებს. სამიზნე სირიის ტერიტორიაზე განლაგებული ირანის ჯარი და ჯავშანტექნიკაა.

10 თებერვლის დილას, ისრაელის თავდაცვის უწყებამ ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ქალაქ ბეიტ შეანში ისრაელის მოიერიშე შვეულმფრენმა RQ-170 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც ირანის თავდაცვის უწყებას ეკუთვნის.

იმავე დღეს, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი F-16 ჩამოაგდეს. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და გოლანის მაღლობზე დაეშვა. სამხედრო მფრინავი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა რამდენიმე საათში სირიისა და ირანის ჯარსა და სამხედრო ტექნიკაზე იერიში მიიტანა. ავიადარტყმებს 12 სამხედრო პირი ემსხვერპლა.