სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი

სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამის შესახებ მან მიმართვისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ არაბმა და ამერიკელმა მედიატორებმა მშვიდობის დამყარებას შეუწყვეს ხელი. მან ასევე გააკრიტიკა ისრაელი სირიის სამხრეთით და დამასკოში სამთავრობო ძალებზე დარტყმების განხორციელებისთვის.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ტომებს მათი გმირული პოზიციისთვის, თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ მათ, სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაემორჩლონ სახელმწიფო განკარგულებებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მომენტი მოითხოვს ერთიანობას და სრულ თანამშრომლობას, რათა გადავლახოთ ის, რასაც ახლა გავდივართ“, – თქვა ალ-შარაამ.

სირიის პრეზიდენტის თქმით, სირიის სახელმწიფო მზად არის, დაიცვას ყველა უმცირესობა და ჯგუფი ქვეყანაში და პასუხს აგებინებს ყველა დარღვევის ჩამდენს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს მიეკუთვნება ის.

აჰმედ ალ-შარაა მშვიდობის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ სირია არ გახდება გაყოფის, დანაწევრების კონფესიათაშორისი შუღლის პოლიგონი.

„ისრაელის ინტერვენციამ ქვეყანას საშიშ ფაზაში უბიძგა, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას“, – თქვა მან.

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები განათავსეს ძირითადად დრუზებით დასახლებულ სამხრეთის ქალაქ სუვეიდაში. სუვეიდის პროვინციაში ვითარება მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის რამდენიმედღიანი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც სირიის ხელისუფლებამ რეგიონში სამთავრობო ძალები გაგზავნა. 16 ივლისს ისრაელმა დამასკოში მდებარე სამთავრობო შენობები დაბომბა და იერიში მიიტანა სირიის სამხრეთით განლაგებულ სამთავრობო ძალებზე. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ დრუზების უმცირესობას იცავს. პარასკევს აშშ-ის ელჩმა თურქეთში და სირიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სირია და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.