აშშ-ის ელჩი თურქეთში აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ თურქეთის, იორდანიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით
აშშ-ის ელჩი თურქეთში აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ თურქეთის, იორდანიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით

აშშ-ის ელჩი თურქეთში ტომ ბარაკი აცხადებს, რომ ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ თურქეთის, იორდანიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით.

„მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და ერთობლივად, სხვა უმცირესობებთან ერთად ააშენონ ახალი და გაერთიანებული სირიული იდენტობა“, – დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში.

სირიაში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა. 16 ივლისს ისრაელმა დამასკოში მდებარე სირიის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შენობები დაბომბა. ასევე, ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე და სირიის სამხრეთით სამთავრობო ძალებზე. ისრაელის ავიაიერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის სამთავრობო ძალები დრუზებით დასახლებული სუვეიდის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში შევიდნენ. ისრაელი სირიის სამთავრობო ძალებს დრუზების წინააღმდეგ ძალადობაში სდებს ბრალს. ამას წინ უძღვოდა სუვეიდის პროვინციაში დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის რამდენიმედღიანი სამხედრო დაპირისპირება, რის შედეგადაც, არსებული ცნობებით, ათობით ადამიანი დაიღუპა. ამის ფონზე სირიის ხელისუფლებამ ადგილზე გაგზავნა უსაფრთხოების ძალები. ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ სირიის მთავრობამ სუვეიდიდან სამხედრო ძალები გაიყვანა.