სირიის გამო, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
სირიის გამო, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლინას ლინკევიჩუსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ვინაიდან მინსკის შეთანხმებების მხრივ პროგრესი არ გვაქვს, შესაძლებელია დამატებითი სანქციების დაწესება ან სანქციების ექვსი თვის ნაცვლად, 12 თვით გახანგრძლივება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროავშირი, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.
ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ქმედებებს ევროკავშირის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. მან აღნიშნა, რომ სირიაზე დარტყმები იყო გზავნილი არა მხოლოდ ასადის რეჟიმისთვის, არამედ მისი მოკავშირეებისთვის, რუსეთის და ირანისთვისაც.
„ამაში რუსეთის როლი სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან ის გადამწყვეტ როლს ასრულებს გაერო-ს უშიშროების საბჭოზე და სირიის საკითხზე 12 ვეტო გამოიყენა. მათ ასევე პასუხი უნდა ვაგებინოთ, რადგან ისინი უშიშროების საბჭოს ნდობას ლახავენ, ორგანოს, რომელმაც კონფლიქტების დარეგულირებაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს, თუმცა ამის გაკეთება არ შეუძლია“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ლინკევიჩუსის თქმით, „ყველას არ შეუძლია საჰაერო დარტყმებში მონაწილეობა, თუმცა მნიშვნელოვანია მხარდაჭერა“.
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმები განახორციელეს.