სირიის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი აკრძალა
სირიის ფინანსთა სამინისტრომ აკრძალა საქონლის იმპორტი რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან. როგორც ადგილობრივი გამოცემა „ალ არაბია“ წერს, აკრძალვა გულისხმობს აღნიშნული სამი ქვეყნის პროდუქციის კონფისკაციას.
„ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, ახალმა მთავრობამ გამოაცხადა დოლარში ოპერაციების ნებართვა და დაამტკიცა ერთიანი საბაჟო გადასახადების ახალი პაკეტი 50%-დან 60%-მდე შემცირებით“, – ნათქვამია „ალ არაბიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ გახსნა იმპორტის ნაკადი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან. ახლა უკვე ქვეყნის დედაქალაქის, დამასკოს მაღაზიები სავსეა იმპორტული საქონლით: თურქული ჩამოსხმული წყლიდან და საუდის არაბეთის საკვები პროდუქტებიდან დაწყებული, დასავლურ შოკოლადამდე“.
როგორც გამოცემა წერს, სირიის ახალი ხელისუფლების დადგენილება ასევე გააადვილებს ნედლეულის იმპორტს ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად და წაახალისებს მრეწველობას.
ამასთან, „მოსკოვ თაიმსის“ ცნობით, ისრაელის საქონლის იმპორტის ემბარგო სირიაში, მრავალი წელია, მოქმედებს. სირიის გარდამავალი მთავრობის ახალი გადაწყვეტილება მოჰყვა დადგენილებას, რომლითაც ირანისა და ისრაელის მოქალაქეებს სირიაში შესვლა აუკრძალეს. რუსეთის მოქალაქეებზე ეს ზომა ჯერ არ ვრცელდება. თავის მხრივ, რუსეთმა შეაჩერა სირიაში ხორბლის მიწოდება.
ცნობისთვის, სირიის ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აძლევს რუსეთს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გატანის უფლებას ტარტუსის პორტიდან, სადაც რუსეთის საზღვაო ფლოტის ბაზა მდებარეობს.