სირიის ფაქტების დამდგენი კომისია - მარტში სირიის დასავლეთით ძალადობის დროს 1426 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 90 ქალი 
სირიის ფაქტების დამდგენი კომისია - მარტში სირიის დასავლეთით ძალადობის დროს 1426 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 90 ქალი 

სირიის ფაქტების დამდგენმა კომისიამ განაცხადა, რომ მარტში, ქვეყნის დასავლეთით, სანაპირო რეგიონში ძალადობის დროს 1426 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 90 ქალი. ძალადობა, რომელსაც 6-9 მარტს ჰქონდა ადგილი, უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმით დაიწყო, რასაც ალავიტი სირიელების მასობრივი მკვლელობა მოჰყვა.

საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ სირიის უსაფრთხოების ძალების მეთაურებს არ გაუციათ დარღვევების ჩადენის განკარგულებები, არამედ, პირიქით, დანაშაულებრივი ქმედებების შეწყვეტის ბრძანებები გასცეს.

კომისიამ დაადგინა ალავიტების წინააღმდეგ ძალადობაში 298 ეჭვმიტანილის ვინაობა, ასევე 265 ეჭვმიტანილის ვინაობა, რომლებსაც თავდასხმასთან აქვთ კავშირი.

ამ დროისთვის დაკავებულია 31 პირი.

კომისიას ეჭვმიტანილების სახელები არ გაუსაჯაროებია და გამოძიების გასაგრძელებლად სასამართლოს მიმართავს.

სირიის დასავლეთ ნაწილში მარტში ალავიტ მუსლიმებსა და სირიის ახალი მმართველი სუნიტური ისლამისტური ხელისუფლების ძალებს შორის შეტაკებები სირიის გარდამავალი მთავრობისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევა გახდა ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. უფლებადამცველები საუბრობენ დახოცილ ალავიტურ ოჯახებზე. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.