სირიის საკითხზე სოჭში მოლაპარაკებები დაიწყო
სირიის საკითხზე სოჭში მოლაპარაკებები დაიწყო

სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის ფარგლებში, რუსეთის ქალაქ სოჭში მოლაპარაკებები დაიწყო.

კონგრესი რუსეთის, ირანისა და თურქეთის მიერაა ორგანიზებული. ფორუმში მონაწილეობას სირიის საზოგადოების ყველა სექტორი მიიღებს, გარდა ტერორისტული ჯგუფებისა.

სოჭში იმყოფება სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, სტაფან დე მისტურა. სირიის საკითხებში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლავრენტიევის განცხადებით, დღეს ირანის, თურქეთისა და რუსეთის წარმომადგენლები გაეროს დესპანთან გამართავენ კონსულტაციებს. კონგრესში მონაწილეობას არ იღებს სირიის ოპოზიციური „მოლაპარაკების უმაღლესი კომიტეტი“.

სოჭის შეხვედრის მიზანი სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით დასრულებაა.

სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე დამკვირვებლების სტატუსით არიან მიწვეული ეგვიპტე, ერაყი, საუდის არაბეთი, ლიბანი, იორდანია და ყაზახეთი.

მოსკოვმა ფორუმში მონაწილეობისთვის 1 600 მოსაწვევი გაგზავნა.