სირიის არმიამ ალეპოზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა, ქალაქში შეტაკებები გრძელდება
სირიის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ქალაქ ალეპოზე, სადაც მესამე დღეა, შეტაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
სირიის არმიამ გამოაქვეყნა რუკები, სადაც იდენტიფიცირებულია ქალაქ ალეპოს ის ნაწილები, რომლებზეც დარტყმები განხორციელდება. სირიის არმიამ მოუწოდა მოქალაქეებს, ეს ტერიტორიები დატოვონ. ალეპოს რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი მოქმედებს.
შეტაკებები ალეპოში 6 იანვარს დაიწყო. სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეტაკებების გამო ქალაქი 13 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის ქალებმა და ბავშვებმა.
თავის მხრივ, ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ალეპოს რამდენიმე რაიონში შეტაკებები გრძელდება დამასკოსთან აფილირებულ ჯგუფებთან.
„სირიის დემოკრატიული ძალები“ აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობs და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთს აკონტროლებs. ამ რაიონებში და მათ შორის ალეპოს ნაწილში ქურთების მეთაურობით ნახევრად ავტონომიური ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელიც ისლამისტების ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ მთავრობაში ინტეგრაციას ამ დრომდე ეწინააღმდეგება.
აშშ-მა ქურთებსა და სირიის მთავრობას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა სცადა, თუმცა გასულ კვირას ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
თურქეთში განაცხადეს, რომ მზად, არიან დაეხმარონ სირიის ხელისუფლებას, თუ დამასკო ამ წინადადებით მიმართავს ანკარას.