სირიის ამბოხებული ოპოზიციური ძალები სირიის ქალაქ ჰომსში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებზე შეტევას ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ინფორმაციით, რასტანის და ტალბისეჰის საოლქო ცენტრებზე კონტროლის მოპოვების შემდეგ ამბოხებულები ჰომსის დასავლეთით, ვაერის უბანში შევიდნენ და ქალაქის ცენტრისკენ აგრძელებენ მსვლელობას.
ჰომსი სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ალეპოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარეობს. ჰომსი ასევე აკავშირებს დამასკოსა და ალავიტების მთავარ დასაყრდენ რაიონებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. სწორედ ალავიტების მიმდინარეობას წარმოადგენს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლება.
ამბოხებული და ისლამისტური ჯგუფების მიახლოებასთან ერთად, ქალაქი ჰომსი ათიათასობით ადამიანმა დატოვა. ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამბოხებულთა ძალებმა სირია-იორდანიის სასაზღვრო მონაკვეთი დაიკავეს.