სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიასთან ტარტუსის პორტის მართვის ხელშეკრულება გააუქმა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიასთან ტარტუსის პორტის მართვის ხელშეკრულება გააუქმა

სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსულ კომპანიასთან ტარტუსის პორტის მართვის ხელშეკრულება გააუქმა.

როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ამის შესახებ ტარტუსის პროვინციის საბაჟო სამმართველოს ხელმძღვანელმა, რიად ჯუდიმ არაბულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ტარტუსის პორტში ინვესტიციების შესახებ რუსულ კომპანიასთან შეთანხმება ანულირებულია. პორტის საქმიანობიდან მიღებული ყველა შემოსავალი გამოყენებული იქნება სირიის სახელმწიფოს ინტერესებისთვის“, – განაცხადა რიად ჯუდიმ.

რუსულ კომპანია „სტროიტრანსგაზთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება 2019 წელს 49 წლის ვადით იყო გაფორმებული. სირიის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი რუსული კომპანიის მიერ პორტის მართვასა და მისი მოდერნიზაციისთვის 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ითვალისწინებდა.

ტარტუსი სირიის სიდიდით მეორე საზღვაო პორტია. იქ განთავსებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ბაზა ტარტუსში რუსეთის ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზაა ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ჯერ კიდევ უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყებამდე, რუსეთმა იქ თავისი წარმომადგენლობა გაზარდა, რათა, რუსული მხარის განცხადებით, წინააღმდეგობა გაუწიოს, შეაკავოს და აკონტროლოს ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს ოპერაციები.

როგორც 12 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსეთი იმედოვნებს, რომ სირიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში თავის სამხედრო ბაზებს შეინარჩუნებს.