შეიარაღებული სირიელი ბედუინები აცხადებენ, რომ დრუზებით დასახლებული ქალაქ სუვეიდიდან გავიდნენ
შეიარაღებული სირიელი ბედუინები აცხადებენ, რომ დრუზებით დასახლებული ქალაქ სუვეიდიდან გავიდნენ. ადგილობრივები „როიეტრთან“ საუბარში ამბობენ, რომ ქალაქში „დაძაბული სიმშვიდეა“.
ადგილობრივი მოსახლეობა წყლის და ელექტროენერგიის ნაკლებობაზე საუბრობს. გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოები კატასტროფისა და ფუნქციონირების შეწყვეტის პირასაა.
დღეს დილით ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ქალაქში სროლის ხმა არ ისმოდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ივლისს გამოაცხადა, რომ ბედუინთა ტომის მებრძოლები წავიდნენ.
სირიის საკითხებში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ „ადგილზე მეომარი დაჯგუფებების სასტიკი ქმედებები ძირს უთხრის მთავრობის ავტორიტეტს და არღვევს წესრიგის ნებისმიერ ნიშანს“.
საბრძოლო მოქმედებები ერთი კვირის წინ ბედუინ და დრუზ მებრძოლებს შორის შეტაკებებით დაიწყო. დამასკომ საბრძოლო მოქმედებების ჩასახშობად ჯარები გაგზავნა, თუმცა „როიეტრი“ წერს, რომ ჯარისკაცები ძალადობაში ჩაერთნენ – ისინი დრუზების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დანაშაულებრივ ქმედებებში დაადანაშაულეს. უპირატესად დრუზებით დასახლებული ქალაქის მცხოვრებლები აღწერენ, თუ როგორ ესროლეს მათ მეგობრებსა და მეზობლებს ახლო მანძილიდან საკუთარ სახლებში ან ქუჩებში სირიელმა ჯარისკაცებმა, რომელთა იდენტიფიცირება მათი სამხედრო ფორმითა და განმასხვავებელი ნიშნებით მოხდა. შემდეგ ისრაელმა დაბომბა სირიის სამთავრობო ძალები სუვეიდაში და ასევე დაბომბა თავდაცვის სამინისტრო დამასკოში. 19 ივლისს სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ ყველა მხარეს მოუწოდა დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.