სირიელი ქურთები აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი აღარ არის იმ ციხეების დაცვა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრები იმყოფებიან
სირიელი ქურთები აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი აღარ არის იმ ციხეების დაცვა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრები იმყოფებიან

სირიელი ქურთები აცხადებენ, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე მათთვის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაპატიმრებული წევრების დაცვა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სირიელი ქურთი მებრძოლების გაერთიანებას „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი ათასობით წევრი ჰყავს დაკავებული.

ამჟამად თურქეთი, რომელიც ქურთებს ტერორისტებად მიიჩნევს, სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სირიის საზღვრის გასწვრივ ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას გეგმავს, სადაც სირიელ ლტოლვილებს დაასახლებს.

თურქეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებების გამო, ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქები, გაერო-ს მონაცემებით, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, თუმცა ქურთების მონაცემებით, ეს ციფრი გაცილებით მაღალია და 191 ათასს აღემატება.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ მონაცემებით, მათ შვიდ ციხეში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 12 ათასზე მეტი პირი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის 4 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა რედურ ხელილმა განაცხადა, თურქეთის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ქურთ მებრძოლებს არ აძლევს საშუალებას, დაიცვან მათ მიერ კონტროლირებად რაიონებში ის ბანაკები, სადაც დაკავებული არიან „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტები.

„ისლამური სახელმწიფოს“ ციხეების დაცვა აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს. ვისაც ადარდებს, საპატიმროების უსაფრთხოება, მობრძანდნენ და იპოვონ გამოსავალი“, -აღნიშნა რედურ ხელილმა. მისი თქმით, ქურთი მებრძოლები, „ისლამური სახელმწიფოს“ დაპატიმრებული წევრების ნაცვლად, საკუთარ ქალაქებსა და საკუთარ ხალხს დაიცავენ.

„სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთის ოპერაცია რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებას უწყობს ხელს.

გავრცელებული ცნობებით, ქალაქ ქამიშლიდან თურქეთის იერიშის დროს ციხიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი წევრი გაიქცა.