სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს
სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს

სირიაში ხმეიმიმის ავიაბაზაზე, სადაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაჯგუფია დისლოცირებული, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ერაყის შიიტურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულმა ტელეგრამარხმა გაავრცელა.

რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ოლეგ ბლოხინის ცნობით, რუსეთის სამხედრო ბაზაზე საბრძოლო განგაში მოსკოვის დროით ღამის 02:30 საათზე გამოცხადდა.

„თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდა „პანცირი“ (რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა). ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები“, – დაწერა ბლოხინმა.

მისი თქმით, სროლა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, სირიის თავდაცვის მინისტრმა, მურჰაფ აბუ კასრამ „ვაშინგტონ პოსტთან“ მიცემულ ინტერვიუში 6 თებერვალს განაცხადა, რომ სირია მზადაა, რუსეთს მისცეს საშუალება, შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ბაზები ხმეიმიმსა და ტარტუსში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც დამასკოს ინტერესებს ემსახურება.

12 თებერვალს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სირიის გარდამავალ პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან.

„ბლუმბერგის“ წყაროების ინფორმაციით, რუსეთი ახლოსაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმება გააფორმოს, რათა ქვეყანაში თავისი სამხედრო კონტინგენტის ნაწილი შეინარჩუნოს. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი, შესაძლოა, დაეხმაროს სირიის ახალ ხელისუფლებას ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რომელიც აქტიურად მოქმედებს ქვეყნის აღმოსავლეთში.